ერთ დღეს, ოთახში რომ ვისხედით, შორიდან ცხენის თქარათქური მომესმა. ვერანდაზე გამოვედი, სწორედ ამ დროს ცხენიდან ჩერქეზულჩოხიანი შავი აჩრდილი ჩამოხდა.
– ილიას ბეგ! – შევძახე და ხელი გავუწოდე. სალამიც კი არ მომცა, საოცრად შეძრული და ფერდაკარგული ჩანდა.
– რუსები შემოვიდნენ ბაქოში. – თქვა ნაჩქარევად.
თავი დავიქნიე, თითქოს უკვე კარგა ხანია, ვიცოდი. ნინო ჩემ უკან იდგა და უეცრად ყვირილი აღმოხდა:
– როგორ, რა მოხდა, ილიას ბეგ?!
– ღამით იალამადან რუსი ჯარისკაცებით სავსე მატარებლები შემოვიდა, მთელი ქალაქი სროლით აიკლეს და პარლამენტი დაიკავეს. ყველა მინისტრი, ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, დაიჭირეს. პარლამენტში რუსმა მშრომელებმა თავიანთი თანამემამულეები დააყენეს. ბაქოში აღარცერთი ჯარისკაცი აღარ დარჩა. სომხეთის საზღვართან დაკარგულ პოსტებზე არმია დგას. მოხალისეთა შეკრება მინდოდა...
უკან რომ მოვიხედე, ნინო შინ შესულიყო და ვიდრე მსახურები ეტლში ცხენებს აბამდნენ, ბარგს ალაგებდა, თან თავის მშობლიურ ენაზე ბავშვს რაღაცას ეჩურჩულებოდა. ნინოს ბარგის ჩალაგებაში მივეხმარე და ცოტა ხანში უკვე მინდვრებს მივუყვებოდით. ილიას ბეგიც გვერდზე მოგვდევდა. ერთ წამს ვიგრძენი, როგორ ამერია აწმყო და წარსული ერთიმეორეში. ილიას ბეგს ქამარში ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი. ნინოს კი საოცრად ამაყი და შეუპოვარი მზერა ჩასდგომოდა თვალებში, როგორც მაშინ, მარდაკიანის გზაზე. ქალაქ განჯას მივუახლოვდით. ქუჩებში საოცრად აღელვებული, დაბნეული ხალხი გვხვდებოდა. ხიდზე, რომელიც სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთიმეორისაგან ყოფდა, ჯარისკაცები იდგნენ. ტყვიამფრქვევებიც გაემზადებინათ სასროლად. მთავრობის სახლის აივანზე აზერბაიჯანის დროშას ჩირაღდნები დანათოდა.