– რაღა თქმა უნდა, ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი სარწმუნოებისა. – ვთქვი მე დათმობით.
მან უნდობლად გამომხედა და ცოტა ხნის დუმილის შემდგომ კვლავ წამოიწყო: „ძალიან დიდი ხომ არა ვარ შენთვის? მალე ჩვიდმეტისა ვხდები. შენი მომავალი ცოლი ხომ თორმეტისა უნდა იყოს.“
– ნუ გეშინია, დიდი არა ხარ, მაგრამ აი, ჭკუას რაც შეეხება, მგონი, საჭიროზე მეტად ჭკვიანიც ხარ. – დავამშვიდე მე. – თუმცა ჭკუა ყოველთვის მისასალმებელი არაა. ვინ იცის, იქნებ ჩვენში, აღმოსავლეთში, ნაადრევად ვიზრდებით და ვბრძენდებით.
ხეებმა, ნინომაც, კოცონის შორეულმა ნათებამ და, განსაკუთრებით კი საკუთარმა თავმა, სულ ამრია. ზედმეტი ხომ არ მომივიდა კახური ღვინო, უდაბნოს ყაჩაღივით სიყვარულის მშვიდ ბაღში რომ გადავსახლდი? თუმცა ნინო სულ არ ჰგავდა უდაბნოს ყაჩაღის მსხვერპლს, მშვიდად და აუღელვებლად მოაბიჯებდა ჩემ გვერდით. სად გაქრა ის წეღანდელი ლტოლვა, ან ის ცრემლები, ან ის სიცილი. ჩვენი გაუჩინარება არავის შეუმჩნევია. ცეცხლთან რომ დავჯექი, მაშინღა შევნიშნე, როგორ მეწვოდა ტუჩები. ჭიქა პეხახპიურის წყლით შევავსე და ხარბად დავეწაფე. ჭიქას რომ ვდგამდი, ნახარარიანის ეშმაკურ მზერას წავაწყდი, თითქოს თანამიგრძნობდა.
VII თავი
ერთი პატარა სახლის აივანზე ტახტზე ვიწექი და სიყვარულზე ვოცნებობდი. ჩემი სიყვარული სხვა იყო, ჩემი წინაპრების სიყვარულისაგან სრულიად განსხვავებული. მე ნინოს წყაროსთან არ შევხვედრივარ, ნიკოლოზის ქუჩაზე, სკოლის გზაზე გავიცანი. ამიტომაც განსხვავდებოდა მამაჩემის, პაპაჩემისა თუ ბიძაჩემის სიყვარულისაგან. აღმოსავლელის სიყვარული ერთ პატარა მოდუდუნე წყაროსთან ან შადრევანთან იწყება. ყოველ საღამოს მხარზე სურაშემოდგმული გოგონები წყაროსთან ჩადიან. შორიახლოს, წრეში ყმაწვილკაცები სხედან და გაცხარებით მსჯელობენ ომზე, ქურდობაზე, ჩამვლელებს სულაც არ აქცევენ ყურადღებას. გოგონები ნელა ავსებენ სურას და უკან ბრუნდებიან. პირთამდე ავსებული სურა მძიმეა, ფეხი რომ არ წამოჰკრან, ჩადრს ცოტათი უკან იწევენ და თვალდახრილნი ფრთხილად მიაბიჯებენ. ყოველ საღამოს ჩადიან გოგონები წყალზე, ყოველ საღამოს სხედან ყმაწვილები მოედანზე. აქ იწყება აღმოსავლელის სიყვარული. ზოგჯერ შემთხვევით, სრულიად შემთხვევით, აღაპრობენ გოგონები მზერას და კაცებისკენ თვალს მალულად გააპარებენ. და თუ ამ დროს, ისიც შემთხვევით, ცისკენ მომზირალი ყმაწვილის მზერა გოგონას თვალებს წააწყდება, და მეორე დილით რომელიღაც ყმაწვილებში მჯდომთაგანი ისევ გააპარებს გოგოებისაკენ თვალებს, უკვე ყველამ იცის, რომ სიყვარული დაიწყო.