გაგიჟებით მიყვარს ნინო. ნინო ხარობს, ქუჩაში სხვა კაცები რომ უყურებენ. ნამდვილი აღმოსავლელი ამაზე უნდა ბრაზდებოდეს. ნინოს ვკოცნი კიდეც, ვეფერები მკერდზე, თეძოებზე, თუმცა დანიშნულები არა ვართ. უამრავ სასიყვარულო რომანს რომ კითხულობს, ალბათ, ამიტომაც აქვს ხშირად მეოცნებე, ვნებიანი თვალები. და, როცა ვეკითხები, რაზე ოცნებობ-მეთქი, დაბნეული გადააქნევს ხოლმე თავს, რადგან წესიერად თავადაც არ იცის. ნინოს მეტი არაფერი მაღელვებს, აღარაფერი მახსოვს, როცა ჩემს გვერდითაა. ის, ალბათ, იმიტომ არის ასეთი, რომ მამამისს ხშირად დაჰყავდა პეტერბურგში, იქ კი გამუდმებით უყურებდა რუს ქალებს, რომლებიც ცნობილნი არიან ქარაფშუტობით, ქმრებს ხშირად ღალატობენ და იშვიათად, რომ ორზე მეტი ბავშვი ეყოლოთ. ასე სჯის მათ ღმერთი! მაინც მიყვარს ჩემი ნინო: ხმა, ლაპარაკი, კისკისი, ფიქრიც კი. და ცოლადაც შევირთავ. ალბათ, კარგ ცოლობას გამიწევს, როგორც ყველა ქართველი. მერე რა, რომ ჯერ ასეთი მხიარული, თავქარიანი და მეოცნებეა. ალაჰმა ინებოს!
გვერდი ვიცვალე. ფიქრებმა გადამღალა. მერჩივნა, თვალები დამეხუჭა და მომავალზე მეოცნება. ჩემი მომავალი კი იმ დღიდან დაიწყებოდა, როცა ნინოს ცოლად შევირთავდი. ყველაზე ამაღელვებელი და რთული ჩვენი ქორწილის დღე იქნებოდა: ამ დღეს საცოლის თვალებში ჩახედვა არ შეიძლება. საერთოდ, ნახვის უფლებაც კი არა მაქვს. ცხენზე ამხედრებული, შეიარაღებული მეგობრები თავით ფეხამდე ჩადრით შებურულ ნინოს მოიყვანენ. მხოლოდ ამ დღეს იქნება ის ნამდვილი აღმოსავლელი. მოლას შეკითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა. ჩემი მეგობრები დარბაზის ოთხივე მხარეს იდგებიან და ცვედანობის საწინააღმდეგო ლოცვებს იბუტბუტებენ. ასე მოითხოვს წესი და ადათი, რადგან ყველა ადამიანს ჰყავს მტერი, რომელიც ქორწილის დღეს ხანჯალს სანახევროდ ამოწევს, სახეს დასავლეთით მიაბრუნებს და ბუტბუტს დაიწყებს: ანისანი, ბანისანი, მამავერლი კანიანი – ის ვერ შეძლებს, ვერ შეძლებს, ვერ შეძლებს“.