“მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:
«მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები».
“ესე უთხარ: «ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო,
ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო»“.
უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
“არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”.
მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.
ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!
ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,
ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად,
ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.
“რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!
ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!
“ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.
ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,
ხელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან:
“მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.
“დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;
თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,
თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.
“მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.
“ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.
რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?
დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით”.
რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,
არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;
ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.
სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა
ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:
ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს,
ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს.
ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,
თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,
მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე-სინაზენი.
იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს;
მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა მიადინებდეს;
სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.
მას ჰგვანდეს, თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;
იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა;
შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა,
სად ყოფილიყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.
ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;
მუნ მივალ, სადა ყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;
მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,
მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა”.
მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა,
ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.
მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,
პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,
ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;
არ იტყვიან, არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.
უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები,
კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.
აივსო კაცი ყველაი, მაშინ მათთანა ნარები,
მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, ჰგვანდა კაც-დაუკარები.
ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
მაგრა თქმულა: «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების»;
აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების”.
ფრიდონ მდაბლად თაყვანი-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
“მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი,
ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”
ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,
სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად;
აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად,
ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.
მიჰხვდეს არაბთა საზღვართა, რა ვლეს მრავალი ხანები.
დაჰხვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად, თანის-თანები,
მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები,
ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.
ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა,
შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;
მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა,
გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.
“მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,
ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;
მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,
დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა.
“აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,
შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,
ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.
რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,
ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;
თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,
ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.
ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა.
ლაშქარნი რბოდეს მი და მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა.
დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,
შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.
მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.
ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.
ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ხმანი,
თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენთვის მზანი!”
რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,
ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:
“აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა?
ამისთვის ვიწვი, სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა.
“ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.
იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,
ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,
რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.
ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.