იტყვის, თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით;
რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,
შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.
ტარიელ შეჯდა, მეფისა გამყრელი, გამომსალამე;
სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:
“მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”.
უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”
გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა
ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა,
კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,
მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.
სამ თვე ვლეს, - ღმერთსა მათებრივ სხვა რამცა დაებადოსა!
მოეგებნიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა!
მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,
ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
ქედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი,
კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;
გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;
მეფე ბრძანებს: “მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი”.
მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;
უბრძანა: “ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?”
მათ მოახსენეს: “სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,
ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია”.
გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა,
მაგრა თავი უმეცარ ყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა;
უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა,
არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა.
უბრძანეს: “გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა”.
მათ ჰკადრეს: “ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა;
დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა”.
თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობ, არის წყლიანი:
“ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,
მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,
კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი.
“მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა.
ამირბარმან სიძე მოკლა ხმა მეფესა დაუვარდა;
იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა,
ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.
“მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,
მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;
თვითცა მოკვდა უბედური მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.
“ცნა ამირბარმან, წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად,
იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად;
ორნივე გადაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად;
მეფემან ბრძანა: «ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?»
“მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა;
ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა;
ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა,
აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა”.
რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,
ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა;
ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა;
ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.
მომკალ, ქალსა თავ-შიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა!
სული ვარდსა დავამსგავსე, თავ-მოხდილი - ყაყაჩოსა.
თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ “ჩოსა”,
ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა.
ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,
თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია,
ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,
მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.
იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე;
სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე:
“მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე,
ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე.
“ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,
ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო!
მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო?
რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?
ტარიელ მოთქვამს: “გამზრდელო, ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია!
მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?!
მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი აღარ შენია,
ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია”.
კვლა უბრძანებდეს: “გვიამბეთ ამბავი დანარჩომია”.
მათ მოახსენეს: “პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,
მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,
რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.
“ჯერთ დედოფალი ცოცხალ ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია;
იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია;
გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია;
მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!
“მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი;
რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი;
მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი,
გამოგვიშვა, წამოვედით, არა გვიყო ყოლა ავი”.
რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,
ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა;
დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა,
აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!
ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
ინდოეთს ზედა წაადგა, მუნ მთა და დიდი ქედია;
აჩნდა ლაშქარი უსახო, ესაკვირველა, ჰე, დია.
ტარიელ ბრძანა: “მოყმენო, აწ თქვენგან რა იმედია?
ადრე მოვიცლი იმათგან, ღმერთი და ჩემი ბედია!
“იმა ლაშქართა უნახვან კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;
ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, შევქმენ აბჯართა ფეთანი”.
ავთანდილ ჰკადრა: “რად უნდან თქმანი სიტყვათა მძლეთანი?
მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, მიჰხვდენ ფერხითა ცვეთანი”.
დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.
წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;
ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.
მათ მოახსენეს: “ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი,
რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი”.
უბრძანა: “წადით, რეგვენნო, თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,
აცნობეთ თქვენსა პატრონსა: «მოვლენ გულითა ქებულნი».
“უთხარით: «ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია,
იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია:
ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია,
შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია!
«დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო!
ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო,
ხრმალი ჩემი მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.
«აწ დაემზადე, მოპარვა მე შენი არა მწადიან;
შემები, რამაზ დააწყევ, პირველვე გამიცხადიან;
პირ-ბოზო, ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან?!
მე ჩაბალახად გახმარებ, რაცა გიმუზარადიან».“
დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს.
რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, დამალვასა ვერა სთმობდეს:
“მოვიდაო ინდოთ მეფე, ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
ვინცა ვითა გარდეხვეწოს, იგი ერთი ორთა სჯობდეს!”