Выбрать главу

მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.

იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა.

მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,

გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა.

ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,

გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული,

თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული.

მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული,

აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,

ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან,

მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან!

მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

“მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა,

ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,

ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,

აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

“მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა,

მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,

ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა!»

მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

“პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა პატრონისა სამსახურად, -

ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -

მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად.

ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

“ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,

ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:

ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,

ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

“ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;

დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,

წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,

აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

“ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,

აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,

მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,

არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

“მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,

აცნობე ჩემი სიკვდილი, - იყავ მართ ვითა მთრვალია, -

მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია.

გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

“მაშინ უფრო მომეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედ-რე,

ნუთუ ადრე დამივიწყო? მახსენებდე ზედა-ზედ-რე!

მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე,

ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,

თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა,

მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა!

ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

«ჩემად ნაცვლად დაგაგდებო», - ესე სიტყვა ვით მიბრძანე?

რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?

შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე!

სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე!”

ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად:

რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად.

მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

“ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა,