Выбрать главу

“ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა,

იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა:

არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,

მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

“უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით;

ხელი მოჰკიდა, «დადეგო!», ესეცა ჰკადრა კიდ ენით;

მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,

თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

“მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,

ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,

მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა,

თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

“აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად,

აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”.

შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,

ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

აჰა, მიჰხდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,

რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა.

კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,

მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

უთხრა, თუ: “ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,

მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,

აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ-საადვილოსა,

ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

“ვითა მე მივჰხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,

აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!”

უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა,

ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.

ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,

ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა,

ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა.

დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:

“საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

“რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად,

რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,

მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,

ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ, დაიმალვის მეტის-მეტად”.

ავთანდილ იტყვის: “ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი?

რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;

სადაცა მივა, მივიდეს, რაზომმც მოვლოდეს ზღუდენი,

მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი”.

წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,

დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი.

არსადა ხანი არ დაყვეს, ერთნი თვალისა წამენი.

მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,

კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,

წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,

ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი კლდენია;

ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,

მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,

მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,

ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,

ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,

იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.