Выбрать главу

დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.

მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;

მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,

სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა,

ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;

მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,

ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;

შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი,

იზახდის და წამ-წამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.

ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

“რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, - მითხარ, რაცა წაგეკიდა!”

მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,

ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,

იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩა მარეკი, და.

“სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე,

არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე,

მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე,

ვთქვი: «ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე»”.

ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად;

მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,

არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად;

მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

“ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია,

ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?

გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;

შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,

მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!

ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?

ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

“ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა,

სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!

ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?

შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;

რათგან ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,

ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია.

არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”.

ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე.

კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!

ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!

განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,

მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,

იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა,

ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ, სავნებლისა ვნებითა”.

ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,

სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,

არას ვუზამ უგემურსა, არაოდეს გავამწარებ;

რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა

ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;

“არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,

ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;

იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,

ანუ ცით მთვარე უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,