Выбрать главу

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა

კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:

“დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა;

მიბრძანა, თუ: «ქალი ვნახოთ», ხელი ხელსა დამიჭირა.

მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

“ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:

მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;

მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა.

კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

“მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა,

გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;

მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.

ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

“ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,

მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;

ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.

ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

“ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;

ქალსა შევხედენ, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.

მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.

ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

“აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი!”

მისი ვერ გაძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი;

ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი,

ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!”

ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,

დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია;

დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,

თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

“მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,

იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;

ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.

ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.

“დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა,

დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა,

რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა:

გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

“შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,

ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,

პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა.

მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

“მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია,

ცრემლით მითხრა: «შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!»

მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია,

კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

“სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარე შემომცვიდიან;

მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;

მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.

სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

“აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი რაგვარია?

სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია».

ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.

დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

“სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი;

მერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;

ვთქვი, თუ: «ჰაი, რაშიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამხდარი!»

თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

“ვთქვი, თუ: «ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,

მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე,

აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!»

полную версию книги