Выбрать главу

თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით ა,

მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთისა წამითა”.

ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქმს ქალიო,

ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?”

მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო,

დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

უბრძანა, თუ: “წადი, უხმე! უმისობა ვით გავძლეო?

მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?

მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,

გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»”.

თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,

უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.

მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა,

უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”

ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,

ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!

თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!

კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,

შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,

მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია.

ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

“უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,

მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.

რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;

ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

“მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.

შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,

ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,

ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

“აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!

მან დამიხოცა ლაშქარი, სისხლი ადინა ღვარული.

კაცად ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!

უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

“ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,

დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.

ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,

სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:

ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?

რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?

ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

“მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,

შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.

გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი,

ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,

უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დაჰრიდეთა?

მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,

მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია,

მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,

ვერ ნახეს მისი მნახავი ღმრთისაგან დანაბადია,

ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,

მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,

მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,

ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,

ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო,