Выбрать главу

ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.

გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.

მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.

დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.

მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,

იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.

შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,

მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,

ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;

უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.

ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,

მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა;

იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა,

მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,

ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი,

ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,

მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.

დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა,

ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.

მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა.

პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

ქალმა უბრძანა: “ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;

მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა,

მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,

რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?”

ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?

მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების;

აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,

თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;

იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,

გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,

მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

“გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,

ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა?

მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,

შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოჰლახო ცა.

“აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,

მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია,

ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,

შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

“ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:

პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად,

მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;

წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად.

“შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,

რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.

გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,

მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

“სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი;

ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი;

ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი;

კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

“ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,